საპარლამენტო უმრავლესობის წევრის რევაზ არველაძის განცხადებით, კანონპროექტი, რომელიც ჯარიმებთანაა დაკავშირებული, არჩევნების წინ, ელექტორატზე უარყოფითად მოქმედებს და მას ხელისუფლების წინააღმდეგ განაწყობს.
ამის შესახებ არველაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც "გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ" კანონპროექტი იხილება.
„რამდენად აუცილებელი იყო ახლა, ამ პარლამენტის მუშაობის ბოლო თვეში, ამ კანონპროქტის გამოტანა და ზუსტად არჩევნების წინ? ნებისმიერი კანონი, რომელსაც იღებს პარლამენტი და დაკავშირებულია ჯარიმებთან, პროდუქციის გაძვირებასთან, გადასახადების ზრდას, ეს უარყოფითად მოქმედებს ელექტორატზე. ელექტორატს განაწყობს ხელისუფლების წინააღმდეგ. ერთ-ერთი ასეთია ეს კანონპროექტი, რომელიც რეალურად მხოლოდ ჯარიმებზეა აწყობილი. თან, კანონი შედის 2022- 23 წლიდან სრულად ძალაში და რა აუცილებლობა იყო ახლა მიღების?!"- განაცხადა არველაძემ.
არველაძეს კომიტეტის სხდომაზევე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა უპასუხა და აღნიშნა, რომ მმართველი გუნდისთვის გარემოს დაცვა პრიორიტეტული მიმართულებაა.
ცნობისთვის, კანონპროექტის მიხედვით, გარემოზე ზიანის მიყენების გარდაუვალი საფრთხის ან გარემოზე მიყენებული ზიანის შესახებ ინფორმაციის დამალვა 5 000-დან 10 000 ლარამდე ჯარიმას გამოიწვევს, ხოლო, დაზიანებული გარემოს პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენის ან პირვანდელ მდგომარეობასთან მიახლოებულ მდგომარეობამდე აღდგენის შესაძლებლობის შესახებ ინფორმაციის დამალვა - 5 000 ლარს; ზიანის პრევენციისთვის/შერბილებისთვის აუცილებელი ღონისძიებების გაუტარებლობა 10 000-დან 20 000 ლარამდე, გარემოზე მიყენებული ზიანის შემდგომი გავრცელების თავიდან ასაცილებლად ან შესარბილებლად აუცილებელი ღონისძიებების გაუტარებლობა 20 000-დან 40 000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს.