სეოკ-ის ვადამდელი არჩევნების ჩატარება „ქართული ოცნების“ მიერ სპორტული ორგანიზაციების პოლიტიკური ნიშნით გამოყენებას გულისხმობს , - ამის შესახებ, „ლელოს“ მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა საბა ბუაძემ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის არჩევნების 2021 წელს გადადება მოითხოვა.
ბუაძის თქმით, არჩევნების ვადაზე ადრე დანიშვნა ადასტურებს „ქართული ოცნების“ არაჯანსაღ ინტერესს სპორტული ორგანიზაციების და ფედერაციების მიმართ, რომელიც მიზნად ისახავს სპორტისა და სპორტსმენების პოლიტიკური ნიშნით გამოყენებას. ბრიფინგის დასრულების შემდეგ კი კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი კონფლიქტური სიტუაციის შექმნას შეეცადა.
„როდესაც “ლელომ” მიმართა კომიტეტს დაგეგმილი ყრილობის გადადების მოთხოვნით, „ქართული ოცნების“ დეპუტატის, შოთა ხაბარელის ვაჟი, რომელიც ამავდროულად ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტია, შეგვეგებნენ შესასვლელში, სადაც გააკეთეს პოლიტიკური განცხადებები და დაგვადანაშაულეს ტყუილში, იცავდნენ ლერი ხაბელოვს და აცხადებდნენ, რომ ოლიმპიური წესდება კანონიერია.
„ქართული ოცნების“ სახელით ლერი ხაბელოვი აგრძელებს სპორტული ორგანიზაციების მისაკუთრებას და ოლიმპიური კომიტეტის წესდების დარღვევით გეგმავს, მესამე ვადით შეინარჩუნოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის თანამდებობა. „ლელო“ მოითხოვს, გადაიდოს დაგეგმილი ყრილობა 2021 წლის ოლიმპიადის შემდეგ, რაც შესაბამისობაში იქნება ოლიმპიური კომიტეტის წესდებასთან და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ქარტიასთან. არჩევნების ვადაზე ადრე დანიშვნა ადასტურებს „ქართული ოცნების“ არაჯანსაღ ინტერესს სპორტული ორგანიზაციების და ფედერაციების მიმართ, რომელიც მიზნად ისახავს სპორტის და სპორტსმენების პოლიტიკური ნიშნით გამოყენებას. აუცილებელია, პრეზიდენტის არჩევნები ჩატარდეს გამჭვირვალე, სამართლიან და სანდო გარემოში იმისთვის, რომ არ არსებობდეს კითხვის ნიშნები. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის გამო იაპონიაში დაგეგმილი ოლიმპიადა 2021 წლისთვის გადაიდო, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ხვალ მაინც აპირებს, ჩაატაროს საარჩევნო საანგარიშო ყრილობა, სადაც ლერი ხაბელოვი უკონკურენტოდ გეგმავს მესამე ვადით პრეზიდენტობას“, - განაცხადა საბა ბუაძემ.
„ლელოს“ მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თქმით, აღნიშნული ყრილობა ეწინააღმდეგება პანდემიასთან დაკავშირებით განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ 16 ივლისს გაცემულ რეკომენდაციას, რომლის მიხედვითაც აღიარებულ სპორტულ ორგანიზაციებს ეთხოვათ, გადადონ დაგეგმილი და რიგგარეშე ყრილობები.
„დღეს ლერი ხაბელოვის სახელი დაკავშირებულია გაუმჭვირვალე, არაეფექტურ და კორუფციულ მმართველობასთან, რომლითაც ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ბოლო წლებში დაგვამახსოვრა თავი. ზუსტად ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პრეზიდენტის არჩევნები ჩატარდეს კანონმდებლობის სრული დაცვით, მრავალფეროვან და პოლიტიკურად ნეიტრალურ გარემოში. მოვუწოდებთ ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს, გადადოს 11 სექტემბერს დაგეგმილი საარჩევნო და საანგარიშო ყრილობა, რომელიც, კანონდარღვევის გარდა, სპორტულ ფედერაციებში განხეთქილების და უკმაყოფილების საფუძველსაც წარმოადგენს“, - აცხადებს ბუაძე.