საზოგადოებამ თუ არ აცნობა სახელმწიფოს შესაბამის სტრუქტურებს, რომ ბავშვზე ძალადობა ხდება, თუ ყველამ გვერდზე გაიხედა, ყველა ჩვენ თავებს გავუფრთხილდით, რომ ასეთმა მოძალადე კაცმა არ გვაგინოს და შეურაცხყოფა არ მოგვაყენოს, ვერ შევდგებით საზოგადოებად, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა 11 წლის ბავშვის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტს.
როგორც კილაძე ამბობს, მსგავს ფაქტებზე პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც საზოგადოებას, ასევე სახელმწიფოს.
„მოხდა ენით აუწერელი ტრაგედია. ჩვენ მაისიდან იუნისეფთან ერთად ავამუშავეთ ბავშვთა დახმარების ცხელი ხაზი, რომელიც არის უფასო და სრულად იქნება ანონიმურობა გარანტირებული ყველა ასეთ შემთხვევაზე, თუ გსმენიათ ასეთი ფაქტის შესახებ ძალიან გთხოვთ, მიმართეთ 111-ს, უფასო დახმარების ცხელ ხაზს, იმისთვის, რომ ჩვენ გადავარჩინოთ ბავშვები. ყველა ასეთ შემთხვევაზე საზოგადოების და იმ სტრუქტურების გულგრილობა, რომლის ვალდებულებაცაა მოახდინინ იდენტიფიცირება, გამოიკვლიონ და დაეხმარონ, არის უდიდესი მნიშვნელობის და აქ ყველას ეკისრება პასუხისმგებლობა, სახელმწიფოსაც და იმ საზიგადოებასაც, რომელმაც გულგრილად შეხედა ამ ამბავს და ხმა არ ამოიღო ასეთ გულგრილობაზე. საზოგადოებამაც თუ არ აცნობა სახელმწიფოს შესაბამის სტრუქტურებს, რომ ასეთი ამბავი ხდება, თუ ყველამ გვერდზე გაიხედა, ყველა ჩვენ თავებს გავუფრთხილდით, რომ ასეთმა მოძალადე კაცმა არ გვაგინოს და შეურაცხყოფა არ მოგვაყენოს, რაიმე არ დაგვიშავოს, ვერ შევდგებით საზოგადოებად, ამიტომ მნიშვნელოვანია სახელმწიფო და საზოგადოება დადგეს ერთად, რომ ასეთი საზარელი შემთხვევები ავიცილოთ თავიდან", - განაცხადა კილაძემ.
ცნობისთვის, 23 აგვისტოს, თერჯოლის მუნიციპალიტეტში მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს. დაკავებულია გარდაცვლილის მამა, რომელსაც ბრალს დღეს წაუყენებენ. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.