ანრი ოხანაშვილი - კანონპროექტი კონგრესის ოფიციალური პოზიცია არ არის - მაგალითად, ემზარ კვიციანმა „დააინიცირა“ პროექტი, ეს ხომ არ გამოხატავს პარლამენტის პოზიციას?

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილი კანონპროექტი, აშშ-ის კონგრესის ან სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური პოზიცია არ არის. მისი თქმით, დღეს საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა ისეთია, როგორც არასოდეს. ოხანაშვილის განცხადებით, ამას მოწმობს ნატო-სთან მჭიდრო თანამშრომლობა, ორპარტიული მხარდამჭერი აქტი და ა.შ.

“ამ საკითხს სერიოზულად ვერ მივუდგებით, რადგან წარმოიდგინეთ, რომ პარლამენტის ერთმა წევრმა დააინიციროს პროექტი საქართველოს პარლამენტში და მოითხოვოს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ან სხვა სტრატეგიული პარტნიორის, ან მეგობარი სახელმწიფოს მიმართ რაღაც სანქციების დაწესება. ეს ხომ არასერიოზული იქნება? ეს ხომ არ გამოხატავს პარლამენტის პოზიციას? ეს არ არის არც კონგრესის და არც სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური პოზიცია. მარტივად რომ ავხსნათ, მაგალითად, ემზარ კვიციანმა დააინიცირა ასეთი პროექტი. ეს ხომ არ გამოხატავს პარლამენტის და მითუმეტეს, მმართველი პარტიის განწყობას? არასერიოზულია იმაზე მსჯელობა, რომ ეს იდეა რაიმე სერიოზულ დოკუმენტად იქცეს”,- განაცხადა ოხანაშვილმა.

ანრი ოხანაშვილი ოპონენტებს მოუწოდებს, დაფიქრდნენ და საკუთარ განცხადებებს დაუკვირდნენ, რადგან მისი თქმით, “ეს არ არის საკითხი, რომელიც შეიძლება ვინმეს ინტერესებში შედიოდეს და მათ უხაროდეთ მსგავსი სახის იდეები”.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილ კანონპროექტს, რომელშიც 2021 ფისკალური წლისთვის სახელმწიფო დეპარტამენტის, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების დაფინანსების პრიორიტეტებზეა საუბარი, საქართველოსთან დაკავშირებით რამდენიმე განმარტება დაემატა.

დოკუმენტში აღნიშნულია, საქართველომ დახმარების სახით მისაღები 132 025 000 აშშ დოლარის 15 პრეცენტი შესაძლოა, ვერ მიიღოს მანამ, სანამ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი არ განსაზღვრავს და კომიტეტს არ წარუდგენს მოხსენებას იმის შესახებ, რომ რომ საქართველოს ხელისუფლება: ეფექტურად ახორციელებს საარჩევნო რეფორმას; იცავს სასამართლოს დამოუკიდებლობას, მათ შორის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისგანაც; ეფექტურად ახორციელებს აუცილებელ პოლიტიკას, რათა უზრუნველყოს ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალეობა, საჯარო ინფორმაციის შეუზღუდავი ხელმისაწვდომობის ჩათვლით; იცავს სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების უფლებებს და მედიის დამოუკიდებლობას; ზღუდავს ოლიგარქების არაფორმალურ გავლენას, როგორც ხელისუფლების ფუნქციებზე, ასევე კანონებისა და რეგულაციების გამოყენებაზე.

გარდა ამისა, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კომიტეტი მიესალმება 29 ივნისს საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას, რომლის მიზანი პროპორციული წარმომადგენლობის სისტემის შექმნაა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა