პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომელიც ბავშვთა მიმართ დანაშაულებზე სანქციებს ამკაცრებს

არასრულწლოვნის წინააღმდეგ იმ დანაშაულების ჩადენის შემთხვევაში, რომელიც დაკავშირებულია პროსტიტუციაში ჩაბმასთან ან/და ხელშეწყობასთან, ასევე პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება/გასაღებასთან, პირობითი მსჯავრის გამოყენება აიკრძალება. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტმა პირველი მოსმენით (83 მომხრე) დაამტკიცა.

ცვლილება შედის სსკ-ის 73-ე პრიმა მუხლშიც, რომელიც მსჯავრდებულის გამოძიებასთან თანამშრომლობის შედეგად სასჯელის გადახედვას ითვალისწინებს. კანონპროექტის თანახმად, არასრულწლოვანთა პროსტიტუციასთან და პორნოგრაფიასთან დაკავშირებული დანაშაულების ჩადენის შემთხვევაში, აკრძალული იქნება მსჯავრდებულის სასჯელისაგან სრულად გათავისუფლება.

ცვლილებების თანახმად, პროსტიტუციაში ორი ან მეტი პირის ჩაბმა, ასევე იმ პირის ჩაბმა, რომელიც დამნაშავის მზრუნველობის (მეურვეობის) ქვეშაა ან მისი ოჯახის წევრია, დამამძიმებელი გარემოება ხდება და გათვალისწინებული იქნება უფრო მკაცრი სასჯელი.

მკაცრდება სასჯელი ასევე არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეთავაზებაზე, გავრცელებაზე, გადაცემაზე, რეკლამირებაზე ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარ უზრუნველყოფაზე. ამგვარი დანაშაულების შემთხვევაში, ნაცვლად 3 წლისა, გათვალისწინებული იქნება თავისუფლების აღკვეთა ცხრიდან თხუთმეტ წლამდე. არასრულწლოვანთა პორნოგრაფიასთან დაკავშირებული დანაშაულის განმეორებით ჩადენისთვის, ასევე ოჯახის წევრის ან მეურვეობის ქვეშ მყოფი პირის მიმართ ჩადენისთვის, გათვალისწინებული იქნება თავისუფლების აღკვეთა 15-დან 20 წლამდე, ან უვადოდ.

ასევე, პროექტის თანახმად, ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციისკენ მიმართული ყველა კატეგორიის დანაშაულისათვის უქმდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების ხანდაზმულობის ვადა. კანონპროექტის ინიციატორების განმარტებით, პროექტით გათვალისწინებული ცვლილება ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს მისცემს დამატებით დროს მათ წინააღმდეგ განხორციელებული დანაშაულებრივი აქტების შესახებ სამართალდამცავი ორგანოების ინფორმირებისთვის.

კანონპროქტის თანახმად, სსკ-ის 137-ე და 138-ე მუხლებს, რომლებიც გაუპატიურებასა და სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს, ემატება დამამძიმებელი გარემოების პუნქტი: „ნდობის, ავტორიტეტული ან გავლენიანი მდგომარეობის გამოყენებით“. კანონპროექტის ინიციატორთა განმარტებით, დღეს არსებული დამამძიმებელი გარემოება - „სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება“ სრულად ვერ ფარავს იმ შემთხვევებს, რაც მოიაზრება ნდობით, ავტორიტეტით ან გავლენიანი მდგომარეობით ბოროტად სარგებლობაში.

კანონპროექტის ინიციატორები არიან: სოფო კილაძე, ირაკლი კობახიძე, შალვა კიკნაველიძე, მერაბ ქვარაია, რატი იონათამიშვილი, ილია ნაკაშიძე, დიმიტრი მხეიძე, დავით მათიკაშვილი, ანრი ოხანაშვილი, პაატა მხეიძე, გია ბენაშვილი, ცოტნე ზურაბიანი, გოგი მეშველიანი, ენძელა მაჭავარიანი, სვეტლანა კუდბა, ფატი ხალვაში.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა