არსებობდა ძალიან დიდი რისკი, რომ კიდევ ერთხელ თაღლითურად ჩაეგდო "ქართულ ოცნებას" ცვლილებები , - ამის შესახებ "ერთიანი საქართველო- დემოკრატიული მოძრაობის" ერთ- ერთმა ლიდერმა ანზორ ბიწაძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, "ევროპული საქართველოს" გადაწყვეტილება კენჭისყრაში მონაწილეობის თაობაზე, სწორი და სახელმწიფოებრივი იყო.
"დღევანდელი შედეგი არის ძალიან კარგი, კიდევ უფრო მიუახლოვდა ყოველი ქართველი ამომრჩეველი იმას, რომ მისი ხმა არ დაიკარგოს და არ მოიპაროს "ქართულმა ოცნებამ". დღევანდელმა კენჭისყრამ ნათლად დაადასტურა ის, რომ ევროპული საქართველოს გადაწყვეტილება იყო სწორი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. არსებობდა და არსებობს ძალიან დიდი რისკი, რომ კიდევ ერთხელ თაღლითურად ჩაეგდო "ქართულ ოცნებას" ცვლილებები. თუმცა, მათ მოუწევთ ეს შეთანხმება შეასრულონ თავიდან ბოლომდე, ამ პროცესს ძალიან ყურადღებით აკვირდებიან საერთაშორისო პარტნიორები და ფასილიტატორი ელჩები, ასე რომ, დარწმუნებული ვარ ეს კანონპროექტიც ბოლომდე გავა და შეთანხმებაც შესრულდება", - განაცხადა ბიწაძემ.
ცნობისთვის, პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცა. რეგისტრაცია პარლამენტის 142-მა წევრმა გაიარა, საიდანაც 136-მა საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კონსტიტუციურ კანონის პროექტს მხარი დაუჭირა. 5 დეპუტატი, რომელმაც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მხარი არ დაუჭირა, ბიძინა გეგიძე, ალექსანდრე ერქვანია, ემზარ კვიციანი, კახაბერ ოქრიაშვილი და დავით ჭიჭინაძეა. კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა ნატო ჩხეიძემ.
პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემითა (120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული) და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება.