მე თუ დახურულად ვხვდები გარკვეულ გავლენიან ადამიანებს ადგილობრივი მასშტაბით, რომლებიც გარკვეულ გადაწყვეტილებებს იღებენ, ეს დიალოგია, თუმცა მე რომ თქვენ ვერ გისახელებთ, სად და როდის ვის შევხვდი, რა თქმა უნდა, ეს პრობლემაა, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომელშიც მინისტრის პოსტზე თითქმის 4-წლიან საქმიანობას აფასებს.
ციხელაშვილის განმარტებით, ტოვებს კონფლიქტის მოგვარებისა და ნდობის მშენებლობის ხელშესახებ საგზაო რუკას და ბევრ კონტაქტს.
„ჩვენთვის დიალოგის ღიაობა პრობლემა არ არის, ამ ადამიანებისთვის კი პრობლემაა. ნულს ქვემოთ იყო სამშვიდობო პროცესი 2008 წლის შემდეგ. ამ ნიშნულზე რომ მოვედით, რომ მათი ინციატივით კონკრეტულ საკითხებზე ვსაუბრობთ, მათ შორის, როგორ გაიყიდოს კონკრეტულ სუპერმარკეტებში პროდუქცია, უკვე შედეგია“, - აცხადებს ციხელაშვილი.
ამასთან, მისი თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირები ხვალვე შეძლებენ ლეგალური გზებით გადმოვიდნენ და გაყიდონ საკუთარი პროდუქცია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, თუკი მათ რუსები ხელს არ შეუშლიან.
„თუ მათ სხვები არ შეუშლიან ხელს, ხვალ. რუსეთზე მეკითხებით ახლა თქვენ, საოკუპაციო რეჟიმი როდის არ შეუშლის ხელს, ვერ გეტყვით. მე შემიძლია გითხრათ, რა გააკეთა საქართველოს ხელისუფლებამ და რა მიღწევა გვაქვს. აი, ხვალ, პირდაპირი გაგებით ხვალ, რომ მოინდომონ, დაუშვან და არავინ შეუშალოს ხელი აფხაზ და ოს ბიზნესებს, ჩვენი კანონმდებლობით ეს ხვალაც შესაძლებელია ანუ შესაძლებელია, თქვენ რომ სუპერმარკეტში შეხვალთ, იყოს ოსური ან აფხაზური კუთხე და პროდუქცია“, - აღნიშნავს მინისტრი.
ციხელაშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის „116 სოფელი, სამეურნეო მიწა ან სასიცოცხლო ინფრასტრუქტურა არის პირდაპირ საოკუპაციო ხაზით ჩამოჭრილი“.
ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.