კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული რისკების თავიდან აცილების მიზნით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა სრულიად ახალი და ინოვაციური საგანმანათლებლო პროექტი წარადგინა, რომლის ფარგლებშიც ონლაინ რეჟიმში ჩატარდება მეწარმეობის, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულებით სესიები და მასზე წვდომა არა მხოლოდ უნივერსიტეტის სტუდენტებს, არამედ ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს ექნება. პლატფორმა 2 კვირაში გახდება ხელმისაწვდომი.
ყოველდღიურად მთელი მსოფლიოს მასშტაბით უფრო და უფრო მეტი უნივერსიტეტი წყვეტს სასწავლო პროცესს, იშლება დაგეგმილი ტრენინგები, ვორქშოფები თუ კურსები. სწორედ ამ პროცესის საპასუხოდ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით, საქართველოში ტექნოლოგიების სფეროში ცოდნის გადაცემის ციკლი კი არ შეწყდება, არამედ მასში უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვება და წარიმართება პროფესორების, სტარტაპების, დარგის ექსპერტების ჩართულობით.
როგორც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯომარე მიხეილ ბატიაშვილი განმარტავს, უნივერსიტეტში აქტიურად მიდიოდა მუშაობა ონლაინ სწავლების პლატფორმის დანერგვასა და განვითარებაზე. მისი გაშვება სექტემბრიდან იგეგმებოდა. მიმდინარე ამბებმა კი ეს პროცესი დააჩქრა.
„დღეს არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ, რომ პროცესები დავაჩქაროთ და შესაძლებლობა მივცეთ ჩვენს სტუდენტებს, შეუფერხებლად ისარგებლონ ტექნოლოგიური სიახლეებით. გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი წერილი მივიღეთ „გუგლისგან“, რომელმაც წვდომა მოგვცა ყველა იმ ტექნოლოგიურ შესაძლებლობაზე, რომელიც რეგიონისთვის აქამდე დახურული იყო. დღეს ვირუსთან დაკავშირებით პროგნოზი საკმაოდ რთული გასაკეთებელია, არავინ იცის, რამდენი ხანი გაგრძელდება ასეთი მდგომარეობა. ამიტომ დავაჩქარეთ პროცესები და ამავდროულად, მივიღეთ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. არსებულ წყაროებზე წვდომა ექნებათ არა მხოლოდ ჩვენს სტუდენტებს, არამედ ტექნოლოგიების სფეროში ჩართულ ყველა ადამიანს, ყველა სტარტაპს. ჩვენი და GITA-ს ერთობლივი პროექტის საშუალებით, მათ წვდომა გაეხსენებათ პლატფორმაზე და შესაძლებლობა ექნებათ კვირაში რამდენჯერმე მოუსმინონ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ საუბრებს, რჩევებს, ვიდეოგაკვეთილებს. ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად ეფექტურად გამოვიყენოთ ეს პერიოდი, როცა სასწავლო პროცესი შეწყვეტილია,“ - აცხადებს მიხეილ ბატიაშვილი.
ორგანიზატორების განმარტებით, პროექტს სოციალური სახე აქვს და ონლაინ რეჟიმში იქნება ღია ნებისმიერი მსურველისთვის, რომელსაც სურს, გაიღრმაოს ცოდნა სტარტაპ აქსელერაციის, ფინანსებთან წვდომის, ინვესტორებთან ურთიერთობის ფორმების, სხვადასხვა ტექნოლოგიური ტრენდების და ზოგადად, სტარტაპ ეკოსისტემის შესახებ. ეს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონების მოსახლეობისთვის, რადგან ისინი ზოგადად მოკლებული არიან მსგავს შეხვედრებზე ფიზიკურად დასწრების შესაძლებლობას.
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელი ავთანდილ კასრაძე აღნიშნავს, რომ ონლაინ განათლება არის მიმართულება, რომლისკენაც მსოფლიო მიდის და მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში საქართველოც აქტიურად არის ჩართული.
„ზოგადად, ონლაინ განათლება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომლისკენაც მსოფლიო მიდის. ვირუსთან დაკავშირებულ საფრთხეებს რომ თავი დავანებოთ, ონლაინ პლატფორმები უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება გლობალურად, რადგან ის არის კარგი განათლების მიღების შესაძლებლობა თითოეული ადამიანისთვის. სინგაპურის უნივერსიტეტის მაგალითი კი აღნიშნულის კარგი დასტურია. ის იყო რეიტინგში 90-ე უნივერსიტეტი და ონლაინ განათლების მოდელის დანერგვის შემდეგ ათეულში შევიდა. ამ გზით სტუდენტებს ყველაფერზე უფრო მეტი ცოდნა და მეტი ვიზუალიზაცია მიეცათ. შესაბამისად, ისინი უფრო მომზადებულები გახდნენ და უნივერსიტეტიც მნიშვნელოვნად დაწინაურდა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ძალიან მნიშვნელოვანი იყო BTU-ს ინიციატივა, რომ მათ მიერ შექმნილი პლატფორმა, რომელიც უნდა ყოფილიყო ექსკლუზიურად მათი, გავხსენით საქართველოს ნებიმისმიერი მოქალაქისთვის. ჩვენი პროექტის მიზანია, უფრო მეტი ადამიანი მოვიცვათ ონლაინ რესურსებით, რომელიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს აქვს,“ - განაცხადა ავთანდილ კასრაძემ.
პროექტის განმახორციელებელი პარტნიორია “პალიტრა ჯგუფი”. პროგრამის დეტალური აღწერა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერიტეტის ვებგვერდზე განთავსდება.