ეს ჩემთვის ახალი გამოწვევაა, რომელსაც უდიდესი პასუხისმგებლობით მოვეკიდები , -ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ახლადანიშნული ელჩი სოფიო ქაცარავა სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ქაცარავა აღნიშნავს, გარდა ამისა წარადგინოს საქართველო ისეთ ქვეყანაში, როგორიც გაერთიანებული სამეფოა, ძალიან დიდი პატივი და პრივილეგიაა.
„მხოლოდ იმის თქმა მსურს, თუ რამდენად დიდი პატივი და პრივილეგიაა, წარვადგინო ჩემი ქვეყანა დიდ ბრიტანეთში, როგორც საქართველოს ელჩმა.
დიდი ბრიტანეთი ჩემთვის არ არის მხოლოდ ქვეყანა რუკაზე. მე მაქვს განსაკუთრებული კავშირი - პირადი და პროფესიონალური და ვგრძნობ უდიდეს პასუხისმგებლობას ჩემი ცხოვრების ახალ გამოწვევაში და უდიდეს პატივს ვცემ ამ შესანიშნავ ქვეყანას და საოცარ ხალხს.
მჯერა, რომ ეს არის შესანიშნავი მომენტი, კიდევ უფრო გაღრმავდეს ჩვენი ორმხრივი კავშირები დიდ ბრიტანეთთან ამ მნიშვნელოვან პერიოდში.
გულწრფელად ვუხდი მადლობას ყველას, მხარდაჭერისა და კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის მთელი ამ წლების განმავლობაში“,-წერს სოფიო ქაცარავა "ფეისბუქზე".
ცნობისთვის, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში სოფიო ქაცარავა დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 20 თებერვალს გაავრცელა.
შეგახსენებთ, სოფიო ქაცარავა პარლამენტის წევრი იყო. მან საპარლამენტო მანდატის დატოვების შესახებ 2019 წლის ნოემბერში განაცხადა.აღნიშნული გადაწყვეტილება მან პროპორციული საარჩევნო სისტემის თაობაზე, უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტის პარლამენტში ჩავარდნის შემდეგ მიიღო.