„ევროპული საქართველოს" წევრის ირაკლი აბესაძის შეფასებით, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ლევან იზორიას ელჩად დანიშვნა გერმანიაში მაშინ, როცა ის კორუფციულ სკანდალშია გახვეული, საქართველოს მხრიდან ცუდი სიგნალია. მისი თქმით, შეუძლებელია იმაზე საუბარი, რომ იზორია რაიმე დადებით ზეგავლენას მოახდენს ქვეყნებს შორის არსებულ დიპლომატიურ ურთიერთობებზე.
„საზოგადოებამ კარგად დაინახა, რომ ლევან იზოიას სახელმწიფო დაზვერვის სამსახურის და უსაფრთხოების საბჭოს მდივნის თანამდებობებიდან გაპარვა მოუწია და როგორც ამბობენ, დიდწილად თავდაცვის სამინისტროში არსებული კორუფციული სკანდალების გამო. ამ ფონზე, როცა ძალიან გამწვავებულია საერთაშორისო რეაქციები საქართველოში მიმდინარე არადემოკრატიული პროცესების გამო, ასეთი რეპუტაციის მქონე ადამიანის ელჩად დანიშვნა ერთ-ერთ წამყვან ევროპულ ქვეყანში ძალიან ცუდი სიგნალია ჩვენი სახელმწიფოს მხრიდან. ეს ცალსახა დადასტურებაა, რომ ქვეყანაში საკადრო გადაწყვეტილებები, მათ შორის დიპლომატიურ კორპუსთან მიმართებაში არაფორმალური მმართველის პირადი ინტერესების შესაბამისად მიიღება და არა სახელმწიფო ამოცანებიდან გამომდინარე. როდესაც ვსაუბრობთ კორუფციაში ბრალდებული ყოფილი ჩინოვნიკის დიპლომატიურ კორპუსში გამწესებაზე, შეუძლებელია ვისაუბროთ მისი მხრიდან რაიმე დადებითი გავლენის მოხდენაზე ქვეყნებს შორის არსებულ დიპლომატიურ ურთიერთობებზე“, - განაცხადა აბესაძემ.
ოპოზიციონერი დეპუტატი ასევე გამოეხმაურა უმრავლესობის ყოფილი წევრის, სოფო ქაცარავას ელჩად დანიშვნას დიდ ბრიტანეთში. მისი თქმით, ამ ადამიანებს ახალი თანამდებობებით კვლავ ივანიშვილისთვის გაწეული სამსახურისთვის აჯილდოვებენ.
„ასეთი ტიპის დანიშვნები ჩვენ კარგად გვაჩვენებს როგორი გულწრფელი იყო ივანიშვილისა და მისი გუნდის მცდელობა გადავსულიყავით პროპორციულ არჩევნებზე და მეორე მხრივ, როგორი გულწრფელი იყო ზოგიერთი დეპუტატის აღშფოთება, როდესაც კანონპროექტი ჩავარდა. დღეს ვხედავთ, რომ ამ ადამიანებს კვლავ ივანიშვილისთვის გაწეული სამსახურისთვის ახალი თანამდებობებით აჯილდოვებენ. ასე, რომ ეს არის მთლიანად ლუსტრაციის და მხილების პროცესი,"- განაცხადა აბესაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში სოფიო ქაცარავა, საბერძნეთის რესპუბლიკაში დავით დონდუა, ხოლო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ლევან იზორია დაინიშნა.