ქართული პრესის მიმოხილვა 06.02.2020

მთავრობა ბავშვთა შიმშილობას აღიარებს, მაგრამ იხტიბარს მაინც არ იტეხს

დავით ზურაბიშვილი - “ივანიშვილი ახლა იმაზე ფიქრობს, როგორ მოატყუოს ამერიკელები”

ზაალ ანჯაფარიძე - “ოპოზიცია ტყუილად ცდილობს, პროპორციული არჩევნებით ხალხის მობილიზებას”

* * *

მთავრობა ბავშვთა შიმშილობას აღიარებს, მაგრამ იხტიბარს მაინც არ იტეხს

“ბოლო რამდენი დღეა პოლიტიკურ წრეებში აქტიურად მიდის საუბარი, თუ რამდენი ბავშვი შიმშილობს და საერთოდაც, არსებობს თუ არა ეს პრობლემა ქვეყანაში. გაეროს ბავშვთა ფონდ “იუნისეფის” ბოლო, 2018 წლის მონაცემებით, საქართველოში 77 ათასი ბავშვი შიმშილობს, 300 ბავშვი კი ყოველწლიურად შიმშილით იღუპება. ამ საკითხის ასეთი გააქტიურება პარტია “ლელო საქართველოსთვის” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებამ გამოიწვია, რასაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რევაზ არველაძის გამოხმაურება მოჰყვა, რომ საქართველოში ბავშვები არ შიმშილობენ და “თუ ვინმე შიმშილობს, ესე იგი, ოპოზიციამ აშიმშილა ძველიდან მოყოლებული”. არველაძის ამ განცხადებას ოპოზიციის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატაიაში სათაურით მთავრობა ბავშვთა შიმშილობას აღიარებს, მაგრამ იხტიბარს მაინც არ იტეხს.

“ქართულ ოცნებას” ჰყავს სამარცხვინო დეპუტაცია, თავად მილიონერები არიან, დალხენილი ცხოვრება აქვთ და თურმე ბავშვების შიმშილობას და სიღარიბეს ამ ქვეყანაში ვერ ხედავენ. ჩვენ ვითხოვთ პროპორციულ არჩევნებს, პროტესტი არ გაჩერდება და არ უნდა გაჩერდეს, ვიდრე რასაც დაგვპირდნენ იმას არ მივიღებთ”, - განაცხადა სამოქალაქო მოძრაობის დამფუძნებელმა ალეკო ელისაშვილმა. 5 თებერვალს რევაზ არველაძემ პარლამენტში “მინისტრის საათის” ფარგლებში მისულ ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს კითხვით მიმართა განმარტებისთვის, შიმშილობენ თუ არა საქართველოში ბავშვები? რაზეც მინისტრმა თქვა, რომ ბავშვების შიმშილობის საკითხი დღესაც მწვავედ დგას. “შიმშილობენ თუ არა ბავშვები საქართველოში? - წლების განმავლობაში ნამდვილად იყო ეს საკითხი მწვავე თემა. ეს საკითხი დღესაც მწვავედ დგას. უნდა აღვნიშნო, რომ 2019 წლის იანვრიდან ხუთჯერ გაიზარდა ბავშვებზე გაწეული დახმარება. ასევე არსებობს საკვები ვაუჩერები, მაგრამ ჩვენ ნამდვილად ვთვლით, რომ ეს არ არის საკმარისი და ჯერ აღმასრულებებლ ხელისუფლებასაც ძალიან ბევრი აქვს სამუშაო იმისთვის, რომ ჩვენი ბავშვები არა მხოლოდ არ შიმშილობდნენ, არამედ მათი კეთილდღეობისთვის ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს გასაკეთებელი”, - განაცხადა მინისტრმა, რომლის აზრით “ეს ჩვენი ყველას საზრუნავია”, - აღნიშნავს გამოცემა.

„დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალებით და იმ მოტივაციებით, რაც გაგვაჩნია, უახლოეს მომავალში ჩვენ შევძლებთ ამ პრობლემატიკის დაძლევასაც, რადგან ჯანდაცის სამინისტროს ძალიან ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია და პარტნიორი უდგას მხარში, გვეხმარებიან, რომ გავაანალიზოთ ის პრობლემები, რაც გვაქვს და ვმუშაობთ იმ გამოსავლებზე, რომელიც კეთილგონიერი იქნება”, - განაცხადა მინისტრმა. “იუნისეფის” მონაცემებით, საკვების მწვავე დეფიციტის, ან მასთან დაკავშირებული სხვადასხვა მიზეზით (როგორიცაა ორსულთა ანემია, ახალშობილთა მცირეწონიანობა, ფოლიუმის მჟავის ნაკლებობასთან ასოცირებული თანდაყოლილი ანომალიები, არასრულფასოვანი ძუძუთი კვების გამო და სხვა,) საქართველოში ყოველწლიურად 300 ბავშვი იღუპება. დაახლოებით 77 ათასი ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. ამ კვლევის შედეგად გაირკვა, რომ „ბავშვიანი ოჯახები არიან უფრო ღარიბნი და დაუცველნი, ვიდრე საზოგადოების სხვა ჯგუფები. და არსებული სოციალური დაცვის მექანიზმები, რომლებიც ქვეყანაში მოქმედებს, სათანადოდ ვერ ითვალისწინებს ბავშვების ინტერესებს”... ცნობისათვის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, დღეის მდგომარეობით საქართველოში 77 000 ბავშვი რომ შიმშილობს ეს არის ის პრობლემა, რომელიც მმართველმა პარტიამ ვერ მოაგვარა. როგორც პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, ეს ციფრები რეალობას არ შეესაბამება”, - დასძენს გამოცემა.

დავით ზურაბიშვილი - “ივანიშვილი ახლა იმაზე ფიქრობს, როგორ მოატყუოს ამერიკელები”

“ვიზიტები ვერ უშველის, რადგან აშშ-ს კონგრესში საქართველოს ხელისუფლების მიმართ პოზიცია უკვე ჩამოყალიბებულია და ეს არ არის ლობისტური ჯგუფები, ეს არის ორი პარტიის პოზიცია” - ასე ეხმაურება რესპუბლიკელი დავით ზურაბიშვილი საქართველოს ხელისუფლების მიერ დაგეგმილ ვიზიტებს ვაშინგტონში. აშშ-ს კონგრესმენებისა და სენატორების არაერთი კრიტიკული წერილების მიღების შემდეგ მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით თებერვალში, ვაშინგტონში მაღალი დონის რამდენიმე ვიზიტია დაგეგმილი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკანიანი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს მიწვევით მონაწილეობას იღებს რელიგიის თავისუფლების კოალიციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ფორუმში. მინისტრი უკვე შეხვდა კონგრესმენებს; დაგეგმილია შეხვედრები ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში. უახლოეს დღეებში ვაშინგტონს ვიზიტით ეწვევა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე. გაზაფხულზე კი იგეგმება საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ვიზიტი”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით დავით ზურაბიშვილი: “ივანიშვილი ახლა იმაზე ფიქრობს, როგორ მოატყუოს ამერიკელები”.

“ზალკანიანთან შეხვედრაზე კონგრესმენებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს თავისი პოზიცია, რომ საქართველოში არის პრობლემები დემოკრატიის კუთხით, საჭიროა ნორმალური საარჩევნო სისტემა და უნდა შეწყდეს ოპონენტების პოლიტიკური ნიშნით დევნა; ლიდერი აღარ დარჩა ოპოზიციაში პროკურატურაში არ იყოს დაბარებული. ნამდვილად არ ვიცი, რა არგუმენტებით გაამყარებს თავის პოზიციას საქართველოს ხელისუფლება, რადგან არანაირი არგუმენტი აღარ დარჩა. ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც პოლიტიკური კატეგორიებით არ აზროვნებს, საბჭოთა პერიოდში “ცეხავიკები” რომ იყვნენ ისე აზროვნებენ. ინტერესი არის კარგად იცხოვრონ, ფული იშოვნონ... ივანიშვილი ახლა მხოლოდ იმაზე ფიქრობს, როგორც შეინარჩუნოს ხელისუფლება, როგორც მოატყუოს ამერიკელები, რომ კრიტიკა შერბილდეს და მის მიმართ სანქციები არ განხორციელდეს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ზურაბიშვილი.

“საქართველოში პოლიტიკა თუ არ შეიცვალა, იმედი არ მაქვს, რომ ხელისუფლება იქნება ადეკვატური, ვერანაირი ვიზიტები ვერ უშველის, რადგან აშშ-ს საქართველოს ხელისუფლების მიმართ პოზიცია უკვე ჩამოყალიბებული აქვს და ეს არ არის ლობისტური ჯგუფები, ეს არის ორი პარტიის პოზიცია. რაც შეეხება ოპოზიციას, რისი იმედი აქვთ ვერ გეტყვით. მიუხედავად ჩემი ხელისუფლებისადმი განწყობისა, ჯერ კიდევ დგას საკითხი, ბიძინა თუ არა, მაშინ ვინ? ამიტომ უნდა გამოჩნდეს ალტერნატიული პოლიტიკური ძალა, რომელიც საზოგადოებას დააჯერებს რომ ის შეძლებს ქვეყნის მართვას. დღეს ასეთი ალტერნატიული ძალა არ ჩანს და ალბათ 2020 წლის არჩევნებშიც არ იქნება” - დასძენს დავით ზურაბიშვილი.

ზაალ ანჯაფარიძე - “ოპოზიცია ტყუილად ცდილობს, პროპორციული არჩევნებით ხალხის მობილიზებას”

“რომელ პარტიას რამდენი პროცენტი ექნება, ჩემი აზრით, ამ თემაზე საუბარი ძალიან ნაადრევია. საერთოდ, პოლიტიკური მოთამაშეების რეიტინგები სოციოლოგიური გამოკითხვებისა და სპეციალური ფოკუს-ჯგუფების შედეგად დგება, ამით იზომება რეიტინგი და ამით ვიღებთ ზუსტ ობიექტურ სურათს”, - აცხადებს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე პარტიების რეიტინგების შეფასებისას. ის მიიჩნევს, რომ პარტიის რეიტინგის მიახლოებული სურათის დადგენა მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში ორი-სამი გამოკითხვის შედეგების შეჯერებისას შეიძლება. მისივე თქმით, ოპოზიციის მიერ ოთხშაბათს გამართული პიკეტირება ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ არჩევნების ჩატარების პროპორციული ფორმა მოსახლეობის უმრავლესობისთვის პრიორიტეტული არაა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით „ოპოზიცია ტყუილად ცდილობს, პროპორციული არჩევნებით ხალხის მობილიზებას“ - ზაალ ანჯაფარიძე.

“არჩევნების მოახლოების კვალობაზე, სხვადასხვა ორგანიზაციები ასეთ გამოკითხვებს ჩაატარებენ, ჩვენ შეგვიძლია მინიმუმ ორი ან სამი გამოკითხვის შედეგები შევაჯეროთ, შევადაროთ და უკვე აქედან მეტ-ნაკლებად რეალური სურათი გამოვიყვანოთ, თუ არჩევნებზე რომელ პარტიას რა შანსები შეიძლება ჰქონდეს. ჩვენი ელექტორალური კულტურა ისეთია, რომ ხშირად ადამიანები სოციოლოგიურ გამოკითხვისას, თავიანთ რეალურ პოლიტიკურ პრეფერენსიების დაფიქსირებას რატომღაც ერიდებიან, ალბათ ნახეთ, რომ ენ-დი-აის ბოლო გამოკითხვაში თითქმის 50%-მა თქვა, რომ ის არცერთ პარტიას მხარს არ უჭერს, ხოლო დაახლოებით 9%-მა კი პასუხზე საერთოდ უარი თქვა. ამიტომაც ხშირად ადამიანები არჩევნების წინა დღეს იღებენ გადაწყვეტილებას თუ ვის მისცენ ხმა, ეს პოლიტიკურმა პარტიებმაც ძალიან კარგად იციან და შესაბამისად ისინი სწორედ არჩევნების მოახლოებისას ისეთ რაღაცეებს აკეთებენ ხოლმე, რომელიც ამომრჩეველს მათ სასარგებლოდ განაწყობს, ეს იქნება მის მოწინააღმდეგეზე კომპრომატის გავრცელება, ან გრანდიოზული ინიციატივა და ა.შ.” - აცხადებს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.

„დღევანდელი პიკეტირება მკაფიო მაგალითია და დადასტურებაა იმისა, რომ პროპორციული სისტემა და ის თუ რა ქვეყანაში არჩევნები რა ფორმით ჩატარდება, ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობისთვის პრიორიტეტული თემა არაა. სხვათა შორის, ამას არაერთი სოციოლოგიური გამოკითხვა ადასტურებს, ენ-დი-აის ბოლო გამოკითხვაში მთავარი პრიორიტეტების ჩამონათვალს შორის საარჩევნო სისტემის ცვლილება პირველ ათეულშიც კი არაა მოხვედრილი. აქედან გამომდინარე ჩემი აზრით, ამ თემით მასობრივი მიტინგების მოწყობა არარეალისტურია და ოპოზიცია ტყუილად ცდილობს, რომ ამ საკითხით ხალხის მობილიზება მოახდინოს. მეორეც ის, რომ ყველა კარგად ხედავს ამ საპროტესტო აქციების ავანგარდში ვინ დგას, ესენია “ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო” და მათთან აფილირებული ე.წ. სამოქალაქო აქტივისტები და ახალგაზრდული მოძრაობები, აქედან გამომდინარე საზოგადოების თვალში მიმზიდველობა დაკარგა რაც 2019 წლის ივნისის დღეებში ჰქონდა, როდესაც გავრილოვის ვიზიტი მოსახლეობის გონებაში ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და რაღაცნაირად ეს ჯგუფები აღიქმებოდა, როგორც სამოქალაქო მოძრაობა”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“დღეს კი ისინი საზოგადოებაში აღიქმებიან, როგორც პარტიების დანამატები, აქედან გამომდინარე მათ აქციებზე უკვე იმდენი ხალხი აღარ მოდის, ვეჭვობ, რომ მათ დიდი პერსპექტივა ჰქონდეთ, გარდა იმისა, რომ ეს ყველაფერი მათ ევროპის დედაქალაქებში, დასავლურ მედიაში და ვაშინგტონში გაუშვან და იქ ცალკეულ კონგრესმენებში შექმნან სურათი, რომ თითქოს ეს სახალხო პროტესტია, სამწუხაროდ იქ ზოგიერთი პოლიტიკოსი ამას იჯერებს. როგორც ანალიტიკოსი, გეტყვით, რომ გაყალბებას თავისი ლიმიტები აქვს, ადმინისტრაციული რესურსით ან სხვა რესურსებით არჩევნების შედეგების მოდელირება მოახდინონ, მაგრამ როგორც ამ საქმის სპეციალისტები ამბობენ ეს მაქსიმუმ 7% დან 10%-მდე შემოიფარგლება, ამის იქით გაყალბება უკვე წარმოუდგენელია. გარდა ამისა 2020 წლის არჩევნებს საერთაშორისო დამკვირვებლები გამადიდებელი ლუპით დააკვირდებიან იმ კრიტიკული შენიშვნებიდან გამომდინარე, რაც წინა საპრეზიდენტო არჩევნებზე იყო, პოლიტიკურ თვითმკვლელობას ჩაიდენს ნებისმიერი, ვინ ამ არჩევნების გაყალბებას შეეცდება, თუ ადრე არჩევნებს დამკვირვებლების გარკვეული რაოდენობა აკვირდებოდა, ამ არჩევნებზე ალბათ 3-ჯერ მეტი იქნება, აქედან გამომდინარე, თუნდაც გაყალბების რესურსი, გაცილებით უფრო მცირე იქნება”, - დაასკვნის ანჯაფარიძე.

“შეგახსენებთ, რომ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ არჩევნებზე ყოველი მეორე ამომრჩეველი “ქართულ ოცნებას” მისცემს ხმას და შესაძლოა 60% ზე მეტიც კი აიღოს პარტიამ. ექსპერტმა თორნიკე შარაშენიძემ ამ საკითხზე კომენტირებისას კი განაცხადა, რომ ასეთი პროგნოზი ნიშნავს, იმას რომ მმართველი გუნდი არჩევნების გაყალბებას აპირებს. კობახიძემ კი ექსპერტის პროგნოზირებას “ვანგური” უწოდა და განაცხადა, რომ “საქართველოში ჩვენ გვყავს ექსპერტები, რომლებიც ვერანაირ პროგნოზს ვერ აკეთებენ”, - დასძენს გამოცემა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა