„ქართველ და ასევე, მეზობელი ქვეყნების სტუდენტებს ვებსტერის უნივერსიტეტის კამპუსის გახსნით, საქართველოში ამერიკული განათლების მიღების შანსი ეძლევათ“, - ამის შესახებ ვებსტერის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, ჯულიან შუსტერმა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში განაცხადა, სადაც ხელი მოეწერა მემორანდუმს საქართველოში ამერიკული უნივერისტეტის - ვებსტერის (Webster University) კამპუსის გახსნის თაობაზე.
ჯულიან შუსტერმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით გამოსვლისას ვებსტერის უნივერსიტეტის ისტორია გააცნო და აღნიშნა, რომ ეს ამერიკული ინსტიტუტია, თუმცა ამასთანავე, არის ნამდვილად გლობალური ინსტიტუტიც.
„ვებსტერს კამპუსები აქვს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ამერიკული განათლება შეაქვს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. მინდა, მადლობა გადავუხადო „სილიკონ ველი თბილისსა“ და „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს“, მათ მთლიან შემადგენლობას, ასევე, მინდა მივულოცო ვებსტერის უნივერსიტეტის თანამშრომლებს აქ. ამას გარდა, მინდა მივულოცო მათ, ვინც ვებსტერის უნივერსიტეტისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია - და ეს ჩვენი სტუდენტები არიან. მათგან ბევრი აქ არის, ადამიანები, რომელთაც იციან ვებსტერი, არა სოციალური მედიიდან, არამედ იქიდან, რომ სწორედ ვებსტერის უნივერსიტეტში სწავლობდნენ ბევრი წლის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. მინდა, ყველას მოგიწოდოთ, ვინც ვებსტერზე მეტის გაგებითაა დაინტერესებული, ესაუბრეთ არა მე ან ვებსტერის ოფიციალურ წარმომადგენლებს, არამედ მათ, ვინც ეს უნივერსიტეტი დაამთავრეს. ამჟამად 200 000 ადამიანია მსოფლიოს გარშემო, ვისაც ვებსტერის უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული. ამიტომ, ყველა, ვინც ამ საოცარ ოჯახს შეუერთდება, შეუერთდება შემდგარი ადამიანების რიგს, ვინც აკეთებენ იმას, რაც სურთ, რომ აკეთონ, და ეს თავისთავად უკვე უდიდეს რესურსს წარმოადგენს“, - განაცხადა შუსტერმა.
ვებსტერის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა იმ მიზნებს, რომელთა მიღწევასაც წამყვანი ამერიკული უნივერსიტეტი საქართველოში ისახავს.
„როგორი იქნება ვებსტერის უნივერსიტეტის ამბავი საქართველოში? ეს არის მიზანი, რომ მივყვეთ ჩვენს ღირებულებებს და რა თქმა უნდა, ჩვენს ხედვას. ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ საქართველოსა და რეგიონს საუკეთესო ხარისხის განათლება მივაწოდოთ. ჩვენ ამ მიზნის ერთგულები ვართ ისე, როგორც ვებსტერის უნივერსიტეტი მთლიანი ისტორიის განმავლობაში ერთგულებდა ამ მიზანს. ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ შემოვიყვანოთ მსოფლიო საქართველოში, და ამას გარდა, განვავრცოთ საქართველო მსოფლიოში“, - განაცხადა შუსტერმა სიტყვით გამოსვლისას.
ვებსტერის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა მედიასთან საუბრისას ასევე დასძინა, რომ კამპუსის გახსნა საუკეთესო შესაძლებლობაა როგორც ვებსტერის უნივერსიტეტისთვის, ასევე პარტნიორი უნვიერსიტეტისთვის საქართველოში.
„ეს ბევრ შანსს მისცემს ქართველ და ასევე, მეზობელო ქვეყნების სტუდენტებს, მიიღონ ამერიკული განათლება. ჩვენთვის ეს თანამშრომლობ საინტერესოა იმ მხრივ, რომ ამ რეგიონში პირველად ვართ, ჩვენი პარტნიორობა ახლა იწყება და ვფიქრობ, რომ იგი ძალიან წარმატებული იქნება“, - განაცხადა შუსტერმა.
„სილიკონ ველი თბილისის“ ტერიტორიაზე ქვეყნის ყველაზე სწრაფად მზარდი და ინოვაციური უმაღლესი სასწავლო დაწესებულება - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU) უკვე 3 წელია, მდებარეობს.
ვებსტერის უნივერსიტეტი წამყვანი ამერიკული უნივერსიტეტი, საერთაშორისო განათლების ლიდერია, რომლის კამპუსები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის - ჰოლანდიაში, ავსტრიაში, შვეიცარიაში, საბერძნეთში მდებარეობს, ვებსტერის უნივერსიტეტის რეგიონში შემოსვლა კი ახალგაზრდებს მისცემს შესაძლებლობას, 2021 წლიდან ამერიკული განათლება და დიპლომი საქართველოში, ქვეყნის დატოვების გარეშე მიიღონ.
შესაბამის მემორანდუმს ხელი ვებსტერის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, ჯულიან შუსტერმა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მიხეილ ბატიაშვილმა მოაწერეს.