ცხოვრებაში არ ვყოფილვარ მთავრობის კანცელარიაში და არასოდეს მინახავს გიორგი გახარია, მასთან შეხება არ მქონია, - ამის შესახებ "თიბისი ბანკის" საქმის მოსამართლემ გიორგი არევაძემ განაცხადა.
"ვინც ვნახეთ, რა მოვიგეთ", - ამ სიტყვებით უპასუხა მოსამართლეს ბრალდებულმა ავთანდილ წერეთელმა.
ბრალდებულების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი ზვიად კორძაძე კი სასამართლო პროცესის გადადებას ითხოვს. აღნიშნული შუამდგომლობით დაცვის მხარემ სასამართლოს რამდენიმე წუთის წინ მიმართა.
როგორც შუამდგომლობაში ადვოკატმა ზვიად კორძაძემ განაცხადა, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, ვანო ზარდიაშვილი და გიორგი არევაძე პრემიერ-მინისტრთან, გიორგი გახარიასთან ღამის საათებში კაბინეტში იყვნენ, რა დროსაც მოსამართლემ გახარიასგან დავალება მიიღო, რომ საქმე აეცილებინა.
კორძაძის თქმითვე, ვიდრე პროკურატურის მიერ აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, სასამართლო პროცესები უნდა გადაიდოს.
"მარტო ჩემი საქმე განიხილეთ", - ამ სიტყვებით მიმართა აღნიშნული განცხადების შემდეგ ავთანდილ წერეთელმა მოსამართლე არევაძეს.
მოსამართლემ მხარეებს კითხვით მიმართა, სჯეროდათ თუ არა იმ ინფორმაციის, რაც გვარამიამ გააჟღერა.
"გულწრფელად მაინტერესებს თუ გჯერათ?", - განაცხადა არევაძემ, რასთან დაკავშირებითაც ზვიად კორძაძემ აღნიშნა, რომ შუამდგომლობის დაყენების საჭიროება იყო.
"შეიძლება მჯერაზე მეტი ან ნაკლები ინფორმაცია მქონდეს, მაგრამ ამ ეტაპზე მიმაჩნია, რომ ეს შუამდგომლობა უნდა დადგეს", - განაცხადა კორძაძემ.