ტექნიკურ უნივერსიტეტში რევაზ მიშველაძის იუბილე აღნიშნეს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ქართველი მწერლის, ნოველისტისა და საზოგადო მოღვაწის რევაზ მიშველაძის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტიდან აცნობეს.

ქართველი მწერლის საიუბილეო საღამოზე, რომელიც ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა, მონაწილეობა მიიღეს საზოგადო მოღვაწეებმა, მწერლებმა, მხატვრებმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა მიმართა.

„ჩვენი ფაკულტეტისთვის დიდი პატივია, დიდ მწერალს, საზოგადო მოღვაწეს, მეცნიერს რევაზ მიშველაძეს, სწორედ აქ ტექნიკურ უნივერსიტეტის კედლებში მივულოცოთ 80 წლის იუბილე. ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, გამეცნო ბატონი რეზო, ეს ოცნება ამიხდა და იმდენად გავთამამდი, რომ მომეცა საშუალება ვყოფილიყავი იმ ფაკულტეტის დეკანი, სადაც ბატონი რეზო მოღვაწეობს. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ბატონი რეზო არის ჩვენთან, ჩვენს უნივერსიტეტში, ჩვენს ფაკულტეტზე“, - აღნიშნა ირაკლი გაბისონიამ.

ამასთან, საიუბილეო საღამოზე მიწვეულ სტუმრებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის უფროსმა, პროფესორმა კარლო კოპალიანმა მიმართა. როგორც კოპალიანმა აღნიშნა, რევაზ მიშველაძე იმ თაობის წარმომადგენელია, რომელმაც ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვა საკუთარი შემოქმედებით, განსწავლულობითა და საქმიანობით.

„ჩვენ გავიარეთ რთული პერიოდი, რომელიც ყველას შეგვეხო, განსაკუთრებით მწერლებს, მეცნიერებს, ხელოვნების წარმომადგენლებს, მაგრამ საზოგადოება და პირველ რიგში, ჩვენი იუბილარი არ შეუშინდა სიძნელეებს, დროებას და ყველა სირთულე დაძლია. ბატონი რეზო დღემდე წარმატებით აგრძელებს თავის საქმიანობას ჩვენს მშობლიურ ტექნიკურ უნივერსიტეტში და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ქართველებს „რეზო მიშველაძეები“ ბევრი არ გვყავს და ვინც გვყავს, ისიც ჩვენს უნივერსიტეტში მოღვაწეობს. მადლობა მას ამისთვის. რეზო მიშველაძის ოჯახმა საქართველოს წინაშე ღირსეული ვალი მოიხადა, მან ყველაზე ძვირფასი - შვილი შესწირა საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლას. ამ ტკივილში მუდამ მის გვედში ვიდგებით, მაგრამ მუდამ ვეტყვით, რომ ეს მართლაც საამაყოა, როდესაც შვილს ქვეყნისთვის გაზრდი. ჩვენი ისტორია ამის მრავალ მაგალითს გვასწავლის და ეს მაგალითი ჩვენ თვალწინ მოხდა, მადლობა მას ამისათვის“, - განაცხადა კარლო კოპალიანმა.

აღსანიშნავია, რომ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით, პროფესორ რევაზ მიშველაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ რეჟისორმა ბესო გაფრინდაშვილმა და ოპერატორმა გიორგი ბაძაღუამ დოკუმენტური ფილმი გადაიღეს, სახელწოდევით - „რეზო მიშველაძე 80 წლისაა“.

ფილმის რეჟისორის ბესო გაფრინდაშვილის თქმით, ის თავს ბედნიერად თვლის, რომ ამ ფილმის რეჟისორობა მოუწია.

„ჩემთვის დიდი პატივი იყო, როდესაც ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ვანო ჯაგოდნიშვილმა მითხრა, რომ ფილმი უნდა გადაგვეღო. სწორედ მაშინ გავიცანი რევაზ მიშველაძე და ირაკლი გაბისონია. ბავშვობიდან ვკითხულობდი ბატონი რეზოს ნოველებს. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მისმა ნოველამ „ჟირაფს ხომ არ იყიდით“. აი, აქედან მახსოვს რევაზ მიშველაძე და ბედნიერი ვარ, რომ ამ ფილმის რეჟისორი ვარ“, - აღნიშნა ბესო გაფრინდაშვილმა.

მათივე ცნობით, ღონისძიებაზე მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ მაყვალა გონაშვილმა რევაზ მიშველაძეს, კავშირის სახელით ჯილდო - „მშვიდობის ვარსკვლავი“ გადასცა. აღსანიშნავია, რომ მწერალთა კავშირი „მშვიდობის ვარსკვლავს“ წელიწადში ერთხელ გადასცემს საზოგადო მოღვაწეს - შარშან ვარსკვლავი ჯემალ ჭკუასელს გადაეცა.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ტექნიკური უნივერსიტეტის სენატის თავმჯდომარემ, პროფესორმა ჯემალ გახოკიძემ და იუბილარის შესახებ ისაუბრა.

„მიხარია, რომ დარბაზში რამდენიმე თაობის წარმომადგენელს ვხედავ. ჩვენ მაშინ მივაღწევთ წარმატებას და გამარჯვებას იმ საქმეებში, რომელსაც ვაკეთებთ ან მოგვიწევს გაკეთება, როცა ყველა თაობა გაითავისებს საერთო პრობლემების გადალახვის გზებს. დამღუპველია თაობათა ერთმანეთისგან გათიშვა, როცა ყველას ჰგონია, რომ მისი თაობაა ის მთავარი, რომელიც ყველაზე კარგ საქმეს. თაობები თუ ერთად იდგებიან, აი, მაშინ გაკეთდება ის კარგი საქმე, რასაც საქართველოს ერთიანობა ჰქვია, რასაც საქართველოს წინსვლა და მომავალი ჰქვია. აი, სწორედ ამას უძღვნის ჩვენი რეზო მიშველაძე - კაცი, რომელსაც სიმართლე თან დაჰყვება - მთელ თავის შემოქმედებას. სიმართლის თქმა ყოველთვის არაა ადვილი. ბატონი რეზო, ამ მხრივ, ერთ-ერთი გამორჩეულია. ამ სიმართლისათვის მას ბევრი სირთულე შეხვედრია, მაგრამ არასოდეს შეშინებული არ გვინახავს", - აღნიშნა ჯემალ გახოკიძემ სიტყვით გამოსვლისას.

ქართველი მწერლის, ნოველისტისა და საზოგადო მოღვაწის საიუბილეო საღამო დოკუმენტური ფილმის - „რეზო მიშველაძე 80 წლისაა“ ჩვენებით დასრულდა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა