საქართველოს გენერალურ პროკურატურაში პარტია „ლელო საქართველოსთვის” წევრებმა კახა კოჟორიძემ და ანა ნაცვლიშვილმა მოსამართლე გიორგი არევაძის, ვანო ზარდიაშვილისა და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შესაძლო შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადება შეიტანეს და გამოძიების დაწყება მოითხოვეს.
კახა კოჟორიძის ინფორმაციით, ტელეკომპანია ,,მთავარი არხის” ეთერში გავიდა სიუჟეტი, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ მოსამართლე გიორგი არევაძე ვანო ზარდიაშვილთან ერთად ღამის საათებში იმყოფებოდა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან კაბინეტში, სადაც გადაწყდა ის საკითხი რომ გიორგი არევაძე ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით თვითაცილებას გააკეთებდა.
„ორი დღის წინ, 15 იანვარს, „მთავარ არხზე“ გავიდა სიუჟეტი, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ მოსამართლე გიორგი არევაძე ვანო ზარდიაშვილთან ერთად ღამის საათებში იმყოფებოდა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან კაბინეტში, სადაც გადაწყდა ის საკითხი, რომ გიორგი არევაძე თვითაცილებას გააკეთებდა ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით. აქვე ნიკა გვარამიამ ისაუბრა იმაზე, რომ შესაძლებელია ამ შეხვედრაზე საუბარი ყოფილიყო ასევე ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმესთან დაკავშირებით. ამ ინფორმაციაში საუბარია კონკრეტულ ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, მასმედიით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც შეიცავს დანაშაულის ნიშნებს არის გამოძიების დაწყების საფუძველი და კანონის თანახმად, ამ შემთხვევაში არსებობს პროკურატურის ვალდებულება, რომ ასეთი ინფორმაციის გავრცელების შემთხვევაში დაიწყოს გამოძიება. დღეს მე ოფიციალურად მივმართავ გენერალურ პროკურატურას, შევიტანთ ოფიციალურ განცხადებას, სადაც ვითხოვთ გამოძიება დაიწყოს და დადგინდეს ჭეშმარიტება მართლაც ჰქონდა თუ არა ადგილი ამ შეხდვედრას,” - განაცხადა კახა კოჟორიძემ.