სოფო ქაცარავას დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა. პარლამენტმა მხარი დაუჭირა დადგენილების პროექტს (78 მომხრე, 2 წინააღმდეგი), რომლის მიხედვითაც სოფო ქაცარავას დეპუტატის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა.
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ სოფო ქაცარავას გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და მას წარმატება უსურვა.
„პარლამენტის სახელით მსურს მადლობა გადავუხადო სოფიო ქაცარავას გაწეული სამუშაოსთვის. ამ წლების განმავლობაში ის ძალიან აქტიურად უძღვებოდა საგარეო საქმიანობას და კომიტეტს და თავს უფლებას ვაძლევ, რომ ყველას სახელით მას წარმატება ვუსურვო მომავალ კარიერულ ცხოვრებაში,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, რომ 14 ნოემბერს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კონსტიტუციური კანონის პროექტის ჩაგდების შემდეგ, სოფო ქაცარავამ პარტია „ქართული ოცნების“ და საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მოგვიანებით მან განაცხადა, რომ დეპუტატის მანდატსაც ტოვებს.