ვანო ზარდიაშვილის ადგილს პარლამენტში დეპუტატი თემურ გოცირიძე დაიკავებს. პარლამენტმა 88 ხმით შესაბამისი დადგენილების პროექტს მხარი დაუჭირა.
შეგახსენებთ, რომ ვანო ზარდიაშვილს დეპუტატის უფლებამოსილება 2019 წლის ნოემბერში შეუწყდა. ზარდიაშვილმა საკანონმდებლო ორგანოს სადეპუტატო მანდატის დატოვების შესახებ მიმდინარე წლის ოქტომბერის დასაწყისში თავად მიმართა.
როგორც ზარდიაშვილმა პოლიტიკიდან წასვლის მიზეზებზე საუბრისას აღნიშნა, ტალახის სროლის ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ ისიც იქცა, რადგან, მისი თქმით, „იმ დროსთან დაკავშირებული შავი პიარის სამიზნედ ამოარჩიეს“.
შეგახსენებთ, რომ ზარდიაშვილის პოლიტიკიდან წასვლას წინ უძღოდა მასსა და დეპუტატ ეკა ბესელიას შორის დაპირისპირება. 26 სექტემბერს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მათ შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება ვანო ზარდიაშვილის მიერ ნათქვამ ფრაზას მოჰყვა, რომელიც „ბესელიას მორალს“ შეეხებოდა.