"მე როდესაც ხმა მივეცი პროპორციულ სისტემას ფაქტობრივად, ჩემი პოლიტიკური აქტივობების დასასრული გამოვაცხადე",- ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დამოუკიდებელმა დეპუტატმა ზაზა ხუციშვილმა განუცხადა. კითხვაზე, აპირებს თუ არა 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობას ხუციშვილი პასუხობს, რომ რადგან შერეული სისტემა დარჩა ამ საკითხზე იფიქრებს.
"ფრაქციაზე ვფიქრობთ, რადგან ეს არის დამატებითი საშუალება იმისთვის, რომ პარლამენტარი იყოს უფრო ორგანიზებული, ჰქონდეს დამატებითი დრო და თანამოაზრეებთან ერთად იმუშაოს პარლამენტში, მაგრამ ფრაქცია ჯერ კიდევ არ არის მომავალი პოლიტიკური გეგმების განმსაზღვრელი. ამაზე ჯერ არ მიფიქრია ნამდვილად. მე როდესაც ხმა მივეცი პროპორციულ სისტემას, ფაქტობრივად, ჩემი პოლიტიკური აქტივობების დასასრული გამოვაცხადე, იმიტომ რომ პარტიის წევრი არ გახლავართ, არც "ქართული ოცნების" პარტიის წევრი არ ვიყავი, ამიტომ უპარტიოდ ვეღარ ვიყრი კენჭს. ერთ-ერთი უხერხულობა პროპორციულ სისტემას სწორედ ეს აქვს, რომ დამოუკიდებელ, უპარტიო პიროვნებას თუკი უნდა გახდეს პარლამენტის წევრი პროპორციული სიით ვერ გახდება, აუცილებლად უნდა შევიდეს რომელიმე პარტიაში. მე პარტიულობის მომხრე მთელი ცხოვრება არ ვიყავი. რაც შეეხება 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობას, რადგან დღევანდელი მოცემულობით შერეული სისტემაა, ამაზე ვიფიქრებ", -განაცხადა ხუციშვილმა.
მისივე თქმით, პარლამენტის პიკეტირების მომხრე არ არის და მიიჩნევს, რომ აქციები უშედეგოა, რადგან დეპუტატები შენობაში მაინც შედიან, კვორუმი არის და სხდომაც მიმდინარეობს.