მე დღეს ვტოვებ უმრავლესობას, ვინაიდან, როგორც აღმოჩნდა, უმრავლესობაში ბიძინა ივანიშვილის სიტყვაზე უფრო მეტი წონა კახა ოქრიაშვილს აღმოაჩნდა, - ამის შესახებ „კონსერვატიული პარტიის“ წევრმა გიგა ბუკიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, უმრავლესობაში დარჩენის ვერანაირ რესურსს ვერ ხედავს.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გაცემული პირობების დაცვა. „კონსერვატორები“ მუდამ ვიცავდით და დავიცავთ ჩვენ მიერ საზოგადოებისთვის მიცემულ პირობებს. არანაირ შემთხვევაში, პირადი ან პოლიტიკური ინტერესის გამო, ჩვენს ნათქვამზე უარი არ უნდა ვთქვათ", - განაცხადა ბუკიამ.
კითხვაზე, თუ რატომ არ არიან ნინო გოგუაძის, ზვიად ძიძიგურისა და მის გარდა ფრაქციის სხვა წევრები წარმოდგენილი დღევანდელ პრესკონფერენციაზე, ბუკიამ განაცხადა, რომ ყველა ინდივიდუალურად მოახერხებს მედიასთან კომუნიკაციას.
შეგახსენებთ, „კონსერვატორმა“ დეპუტატებმა, ზვიად ძიძიგურმა, ნინო გოგუაძემ და გიგა ბუკიამ საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს.