სამწუხაროდ, საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები ომის შედეგებთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას არ გრძნობენ. პირიქით, საკუთარ დამსახურებად მიაჩნიათ ის ფაქტი, რომ მტერი თბილისში არ შემოვიდა, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ წევრმა და პარლამენტის დეპუტატმა ალექსანდრე ქანთარიამ 2008 წლის ომის მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ეს წლები ყველასთვის - ოჯახებისთვის, რომლებმაც შვილები დაკარგეს; ბავშვებისთვის, რომლებმაც მშობლები დაკარგეს; დევნილებისთვის, რომლებიც ცხინვალის რეგიონიდან იძულებით აიყარნენ და ზოგადად, თითოეული ქართველისთვის ძალიან მძიმეა.
„აგვისტოს ომიდან და ქვეყნის ტერიტორიების კიდევ ერთხელ დაკარგვიდან თერთმეტი წელი გავიდა. მძიმეა ეს წლები ყველასთვის - ოჯახებისთვის, რომლებმაც შვილები დაკარგეს; ბავშვებისთვის, რომლებმაც მშობლები დაკარგეს; დევნილებისთვის, რომლებიც ცხინვალის რეგიონიდან იძულებით აიყარნენ და ზოგადად, თითოეული ქართველისთვის. ამ მძიმე დღეს კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს და ახლობლებს. საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები, სამწუხაროდ, ომის შედეგებთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას არ გრძნობენ. პირიქით, საკუთარ დამსახურებად მიაჩნიათ ის ფაქტი, რომ მტერი თბილისში არ შემოვიდა. არადა, ყველას ყველაფერი ახსოვს: წითელ ხიდთან დამდგარი რიგები, მოწოდება - მოსახლეობის დანა-ჩანგლით დაცვის შესახებ, გუბერნატორის რუსი გენერლის მძღოლად გაფორმება და ჩვენი გმირულად დაღუპული ჯარისკაცების ბრძოლის ველზე მიტოვება. რომ არა მისი უწმინდესობა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ჩვენი გმირი ჯარისკაცების ცხედრების გამოტანაც გაჭირდებოდა,“ - აღნიშნა ალექსანდრე ქანთარიამ.
ქანთარიას განმარტებით, ცალსახაა, რომ ომი მაშინდელმა ხელისფულებამ და სააკაშვილის უგუნურობამ გამოიწვია. გამოსავალი კი, საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ყველა ბერკეტის გამოყენება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კუთხით, სწორი, თანმიმდევრული პოლიტიკის გატარებაა, რაც საბოლოოდ საქართველოს გამთლიანებამდე მიგვიყვანს.
„ამდენი წელი გავიდა და კვლავ იმაზე მიდის კამათი, ომი ვინ დაიწყო. ცალსახაა, ომი დაიწყო მაშინდელი ხელისუფლების და სააკაშვილის უგუნურობამ ან მიზანმიმართულმა ქმედებამ, პროვოკაციების აყოლამ და ძალისმიერი მეთოდებით კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის გადაწყვეტილებამ, რასაც მოყვა ჯერ შეიარაღებული ფორმირების გამოჩენა, შემდეგ კი რუსეთის რეგულარული არმიის შემოსვლა და ცხინვალისა და აფხაზეთის რუსეთის მიერ აღიარება. ეს არის ნაციონალური მოძრაობის მემკვიდრეობა. ძალიან მნიშვნელოვანია სწორი, თანმიმდევრული პოლიტიკის გატარება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კუთხით, საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ყველა ბერკეტის გამოყენება, რაც საბოლოოდ მიგვიყვანს საქართველოს გამთლიანებამდე. დარწმუნებული ვარ, სამართალი აღდგება და საქართველო დროებით დაკარგულ ტერიტორიებს დაიბრუნებს!“ , - განაცხადა ალექსანდრე ქანთარიამ.