ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სხდომაზე საქართველოს დელეგაციის წევრი, ირაკლი ბერაია რუსეთის ფედერაციის დეპუტატის, გენადი ონიშენკოს განცხადებას გამოეხმაურა და მის გამოსვლას დეზინფორმაცია და რუსული პროპაგანდა უწოდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.
ირაკლი ბერაიამ რიჩარდ ლუგარის ცენტრთან დაკავშირებით არსებულ ბრალდებებზე და რუსულ პროპაგანდაზე ისაუბრა.
„უკვე მერამდენედ გვესმის რუსეთის ბრალდებები, რომ რიჩარდ ლუგარის ცენტრი არის სამხედრო უწყება, რომელიც ატარებს საშიშ ექსპერიმენტებს და ქმნის ბიოლოგიურ იარაღს. სინამდვილეში ლუგარის კვლევითი ლაბორატორია არის დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ფარგლებში მოქმედი გამჭვირვალე დაწესებულება. მისი საქმიანობა სრულიად შეესაბამება ბიოლოგიური და ტოქსიკოლოგიური იარაღის კონვენციის მოთხოვნებს, ბიოდაცულობის და ბიოუსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს. ამ დაწესებულების საქმიანობა ორიენტირებულია ადრეული გამოვლენის, დაკვირვების და სამეცნიერო კვლევების გზით საქართველოს და რეგიონის ინფექციური დაავადებებისაგან დაცვაზე.
ჩვენს მიერ ლაბორატორიაში მოწვეული იყვნენ ბიოლოგიური იარაღის კონვენციის წევრი სახელმწიფოების ექსპერტები, მათ შორის რუსეთიდანაც. თუმცა მათგან მხოლოდ უარი მივიღეთ. ექსპერტების მიერ შემუშავებული ანგარიში კიდევ ერთხელ ადასტურებს ლაბორატორიის გამჭვირვალობას და მისი საქმიანობის სრულ შესაბამისობას პროფილაქტიკურ, დაცულობის და მშვიდობიან მიზნებთან.
კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს რუსეთის დეზინფორმაცია და პროპაგანდაა, და ამ მიზნით ამ დარბაზის გამოყენება არის საგანგაშო და შემაშფოთებელი”, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.