ეუთოს პოლიტიკურ საკითხთა და უსაფრთხოების კომიტეტზე ბრიტანეთის, შვედეთისა და უკრაინის წარმომადგენლებმა საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს

მოვუწოდებ საერთაშორისო თანამეგობრობას, მხარი დაუჭიროს საქართველოს ტერიტორიებს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში!", - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ ეუთოს პოლიტიკურ საკითხთა და უსაფრთხოების კომიტეტზე საქართველოს მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტის წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციის მხრიდან საერთაშორისო სამართლის დარღვევა უნდა შეწყდეს.

"აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოა, შეწყდეს საერთაშორისო სამართლის დარღვევა რუსეთის ფედერაციის მიერ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებების შელახვა, მოვუწოდებ საერთაშორისო თანამეგობრობას მხარი დაუჭიროს საქართველოს ტერიტორიებს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში!",- განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

კომიტეტზე დიდი ბრიტანეთის, შვედეთისა და უკრაინის დელეგაციების წევრებმა საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს და რუსეთის ფედერაციას საერთაშორისო ნორმებისა და სამართლის დაცვისკენ მოუწოდეს.

"დიდი ბრიტანეთი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას საერთაშორისო სამართლის დაცვისკენ და შევახსენებ ჩემს კოლეგებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ. მოხარული ვარ ამ რეზოლუციის მხარდაჭერის გამო - დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა ოკუპირებულ ტერიტორიებზე", - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, მარკ პრიჩარდმა.

რეზოლუციის პროექტის მნიშვნელობა საქართველოს დელეგაციის წევრმა, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ბერაიამ შეაფასა.

„ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პირველი კომიტეტის მიერ მიღებული რეზოლუცია კიდევ ერთხელ ხაზგასმით ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას. დოკუმენტში ასახულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უსაფრთხოების და ჰუმანიტარული ვითარება. რეზოლუცია, თავისი ჩანაწერებით, მოუწოდებს საოკუპაციო ძალას შეასრულოს აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, მოახდინოს ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია და დაბრკოლება არ შეუქმნას საერთაშორისო მექანიზმების წვდომას, ასევე დევნილთა უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებას“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, გიგი წერეთლის შეფასებით, კომიტეტზე რეზოლუციის განხილვის პროცესში, რუსეთის ფედერაციის დელეგაციის მხრიდან „წარმოუდგენლად თავხედური“ განცხადებები გაკეთდა.

„კიდევ ერთხელ დარწმუნდა ყველა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის აზრი და მხარდაჭერა სწორედ საქართველოს მიმართ არის. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანი იყო აღნიშნული რეზოლუციის მიღება“, - აღნიშნა გიგი წერეთელმა.

შეგახსენებთ, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა და უსაფრთხოების კომიტეტზე სოფიო ქაცარავას მიერ ინიცირებული პროექტი "უსაფრთხოების და ადამიანის უფლებების მდგომარეობა ოკუპირებულ აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში, სამხრეთ ოსეთში" ხმათა უმრავლესობით, 50 ხმით 5-ის წინააღდგეგ, მიიღეს.

რეზოლუციაში ასახულია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებული მძიმე ვითარება, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის: “რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიით“ გათვალისწინებულ დამნაშავე პირებთან მიმართებაში სამართლის აღსრულების ხელშეწყობა, რუსეთის ფედერაციის მხრიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეების მიმართ ეთნიკური დისკრიმინაცია და არაადამიანური მოპყრობა, იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელ ადგილებზე ღირსეული დაბრუნება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო მექანიზმის დაშვების აუცილებლობა, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ხელშეწყობა და საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის და ინიციატივის - “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ მტკიცე მხარდაჭერა.

სოფიო ქაცარავას მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე განიხილება, რომლის დამტკიცების შემდეგ, დოკუმენტი ლუქსემბურგის საბოლოო დეკლარაციაში აისახება.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა