მარნეულის ყოფილი მერის  თემურ აბაზოვის საქმეზე ექიმი ფსიქიატრი და ექსპერტები  დაიკითხნენ

მარნეულის ყოფილი მერის თემურ აბაზოვის ადვოკატის მერაბ ჩიქოვანის განცხადებით, პროკურატურის მიერ ამოღებულ ნივთმტკიცებაზე, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბიოლოგიური მასალის არსებობა ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად, არ დასტურდება.

„ბიოლოგიური ექსპერტიზით უდავოდ დადასტურდა ის გარემოება, რომ იმ ჭიქაზე, რომელშიც აღმოჩნდა ელჩინ ალახვერდიევის შარდი, არ არის თემურ აბაზოვის ბიოლოგიური მასალა, ანუ მისი გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება. ასევე არ ვლინდება სხვა პირების გენეტიკური თანამონაწილეობა“, - განაცხადა აბაზოვის ადვოკატმა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოში თემურ აბაზოვის, აზერ სულეიმანოვის, რამინ ალახვერდიევისა და ელჩინ გულიევის საქმეზე მორიგი სხდომა ჩატარდა, რომელზეც ბრალდების მხარის სამი მოწმე, კერძოდ, ექიმი ფსიქიატრი ხათუნა ჭყოიძე, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის დეპარტამენტის უფროსი ბესიკ მანჯგალაძე და ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის ექსპერტი ვერა ოკუნევა დაიკითხნენ.

როგორც სხდომის მიმდინარეობისას ფსიქიატრმა ხათუნა ჭყოიძემ განაცხადა, ელჩინ ალახვერდიევის ფსიქოლოგიური მდგომარეობა გამოკვლევის დროს მძიმე იყო.

„სტრესული მდგომარეობა ჰქონდა. მიამბო, რომ მას ფიზიკურად გაუსწორდნენ, შემდეგ წაიყვანეს გაურკვეველ ადგილზე, მათგან ერთმა შეაფურთხა, სილა გააწნა, იყო მუქარა, რომ თუ ბოდიშს არ მოიხდიდა და არ აგინებდა საკუთარ მეუღლეს, მასზე სექსუალურ ძალადობას განახორციელებდნენ, აიძულეს საკუთარი შარდით დაებანა პირი, ეს გარემოება მას განსაკუთრებით ანერვიულებდა“, - განაცხადა ფსიქიატმა ხათუნა ჭყოიძემ.

ადვოკატი მერაბ ჩიქოვანი აცხადებს, რომ ფსიქო-ნევროლოგიურ ცენტრში, ელჩინ ალახვერდიევს რუსულენოვანი თარჯიმნის თანხლებით ესაუბრებოდა ფსიქიატრი, თუმცა ალახვერდიევი ცუდად ფლობს რუსულ ენას და ფსიქიატრის მიერ მიცემული ჩვენება ნაკლებად სანდოა.

„ელჩინ ალახვერდიევმა იცის მხოლოდ აზერბაიჯანული ენა, ის სრულყოფილად ვერ ფლობს რუსულ ენას, რა ენაზეც როგორც ფსიქიატრმა განაცხადა, მასთან კომუნიკაცია ჰქონდა“,- განაცხადა თემურ აბაზოვის ადვოკატმა მერაბ ჩიქოვანმა.

პროკურორი გიორგი ლობჟანიძე კი აცხადებს, რომ დღეს დაკითხულმა მოწმეებმა ბრალდების მხარისთვის მნიშვნელოვან მტკიცებულებებზე ისაუბრეს.

თემურ აბაზოვისა და სხვა პირთა საქმეზე რუსთავის საქალაქო სასამართლოში მორიგი სხდომა 13 დეკემბერს ჩაინიშნა.

მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი პროკურატურამ 13 ივნისს დააკავა. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით 157-ე მუხლის პირველი პრიმის პირველი და მეორე ნაწილით აქვს წაყენებული, რაც მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას; პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გადაღება-გავრცელების ორგანიზებას გულისხმობს.

ალახვერდიევის, სულეიმანოვისა და გულიევის მიმართ გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ჯგუფურად ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) მიმდინარეობს. ე. გულიევსა და რ. ალახვერდიევს 157-ე მუხლის პირველი პრიმას პირველი და მეორე ნაწილით აქვთ წაყენებული.

მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი, პარლამენტარი აზერ სულეიმანოვი, რამინ ალახვერდიევი და ელჩინ გულიევი წაყენებულ ბრალს არ აღიარებენ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა