საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ლიეტუვაში, ბალტიის ასამბლეის 37-ე და ბალტიის საბჭოს 24-ე სესიის მუშაობაში მონაწილეობს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდნ აცნობეს, სესია სამი ქვეყნის პარლამენტის დელეგაციების ხელმძღვანელებმა გახსნეს. მომავალი თანამშრომლობის შესახებ საკუთარი ხედვები ასამბლეის წევრებს ბალტიის ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეებმა გააცნეს. ასამბლეაზე რამდენიმე თემატური საკითხის ირგვლივ პანელური დებატები გაიმართა.
დეპუტატებმა იმსჯელეს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: ბალტიის ქვეყნების რეგიონალური უსაფრთხოების სტრატეგია, გაზისა და ელექტრო ენერგიის საერთო ბაზარი, ბალტიის ქვეყნებში ალკოჰოლის პოლიტიკა, რკინიგზის განვითარება, კულტურის ფონდის დაფუძნება და სხვა.
ღონისძიებაზე საქმიანობის წლიური ანგარიში წარადგინეს კულტურის, საგარეო საქმეთა, ენერგეტიკისა და ჯანმრთელობის დაცვის მინისტრებმა.
დებატებში თემატიკის მიხედვით მონაწილეობდნენ სამივე ქვეყნის პარლამენტების სხვადასხვა კომიტეტების თავმჯდომარეები.
სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი გიორგი მოსიძე მოწვეული სტუმრების პანელზე სიტყვით გამოვიდა. დეპუტატმა მადლობა გადაუხადა ბალტიის ასამბლეას იმისთვის, რომ საქართველოს დელეგაციას ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის და გამოწვევებსა თუ ხედვებზე საუბრის შესაძლებლობა მიეცა.
გიორგი მოსიძემ ზოგადად მიმოიხილა საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები. ასევე, ისაუბრა იმ წარმატებებზე, რასაც ჩვენმა ქვეყანამ ევროინტეგრაციის კუთხით მიაღწია.
ქართველმა დეპუტატმა, ასამბლეის წევრებს, რომლის რიგებში ლუქსემბურგის პარლამენტის, ვიშეგრადის ქვეყნებისა და სკანდინავიური საბჭოს წევრებიც შედიან, საქართველოს პარლამენტის, უკრაინის რადასა და მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტების ახალი საპარლამენტო ასამბლეის დაფუძნების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მისი თქმით, ასამბლეა გეგმავს სხვადასხვა რეგიონალურ ორგანიზაციასთან მჭიდრო და აქტიურ თანამშრომლობას.
სხდომის დასასრულს ასამბლეამ ახალი პრეზიდენტი აირჩია და სხვადასხვა სახის რეზოლუცია და ოფიციალური დოკუმენტი დაამტკიცა.
საქართველოს პარლამენტიდან დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ სუამის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელი გიორგი მოსიძე, დელეგაციის წევრი გედევან ფოფხაძე და საქართველოს პარლამენტის, უკრაინის რადასა და მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტების საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრი, ისკო დასენი.